გადავუქროლე ქვებსა და ტბორებს, მაგრამ საჭირო არის გამხელა - ეს სრბოლა სხვისას არ მოგაგონებს, თოხარიკობა ჰქვია სახელად. ოღონდ მხედარი სულ ზურგზე მაზის და უზანგებით მირტყამს უგულოდ. მე კი რემაში ჭენება მწადის უუნაგიროდ და უაღვიროდ! დანა, ქარქაშში გამომწყვდეული, ნემსზე ნაკლებად საშიში არი; მეც უნაგირი მბორკავს წყეული, პირს კი ლაგამი მივსებს იარით. ზურგზე წყლულები მაყრია გუნდად, წყალთან ცახცახსაც აღარ ვთაკილობ, მე კი რემაში ჭენება მსურდა უუნაგიროდ და უაღვიროდ! დოღია! - მე დღეს ვარ ფავორიტი, ვიცი, ფსონს ყველა ჩემზე რომ ჩავა; ბრძოლა მომელის, მაგრამ ბოროტი მხედარი ისევ ხროტინებს ავად! დეზების სუსხი ნეკნებში ჟონავს, პიველი რიგი ანგლობს, შაყირობს... დავთანხმდებოდი რემაში სრბოლას უუნაგიროდ და უაღვიროდ! ბედაურები როკავენ სტარტზე, გულს უხრავთ მხოლოდ ზიზღი და ბრაზი; გააფთრებულებს, მოსულთ აზარტზე, მათაც ჩემსავით დორბლები დასდით. დიდი ფასი აქვს ხალხში ჩემს მხედარს - მოჯირითეა კარგი უცილოდ. ო, მეც ვირბენდი რემასთან ერთად უუნაგიროდ და უაღვიროდ! არა, ოქროს მთებს ვერ ეღირსება! - ნიშანს გადავკვეთ უკანასკნელი: გადავივიწყებ პირად ღირსებას, დეზებზე მაშინ დაისვას ხელი!.. ზარის ხმა ისე ახარებს მხედარს, თითქოს მისია ჯილდო უცილოდ. როგორ ვირბენდი რემასთან ერთად უუნაგიროდ და უაღვიროდ! რა მემართება, რას მითქვამს გული - მტრის წისქვილზე მსურს დავასხა წყალი! - მაგრამ რა ვუყო, ვარ ბედაური, გამარჯეებაა დღეს ჩემი ვალი! რა დამრჩენია? ამ ჭენებაში გადმოვაგდებ და დარჩეს უმიზნოდ! მერე ვიქროლებ, როგორც რემაში, აღვირ-უნაგრით, მაგრამ - უმისოდ!.. აი, მოვედი, ის საწყალი კი ქვებზე, ტბორებზე ჩანჩალებს ბოლო... დღეს არ ვიყავი მე თოხარიკი, მე გამარჯვება მეწადა მხოლოდ!
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005