მიხეილ ხერგიანის ხსოვნას
მიაბიჯებ, მყინვარს თავზე ევლები და მწვერვალის მაცქერალი ხარობ. თვლემენ მთები, ჩაუსუნთქავთ ღრუბლები, რათა მერე ზვავად ამოყარონ. გიმზერენ და გპირდებიან სიმშვიდეს, თითქოს შენი თანამგზავრნი არიან; ქვისცვენის თუ ნაპრალების გამო გაფრთხილებენ, ავდარი თუ დარია. მთებმა მუდამ შეუცდომლად იციან, როდის მოდის მათთან განსაცდელი; შენ კი ჯერაც ახალგაზრდა იყავი, საიდუმლო ჯერ ვერ ამოხსენი. და როდესაც დახმარებას ითხოვდი, გპასუხობდა კლდეთა მყარი ექო; მერე ქარი ხეობებში ფანტავდა, რათა შენი შემართება ექო. უღელტეხილს როცა ერკინებოდი, როს სტიქიას შენებურად შეები, ყოველი ქვა მკერდით გიფარავდა და ვეება მხრებს გაშველებდნენ კლდეები. ვინა თქვა, რომ ბრძენი მთაში არ წავა! შენ წახვედი - ჭორებს აღარ უსმენდი, - რბილდებოდა გრანიტი და ლღვებოდა ყინული, ფიანდაზად გეგებოდნენ ნისლები... და, თუ ბოლოს თოვლის სამფლობელოში საუკუნო მობინადრე იქნები, ვით ახლობელს, დაგიხრიან თეთრ თავებს ეს ქედები - მტკიცე ობელისკები.
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005