ვიყავ მფლობელი ორმოცი გვარის, შვიდი პასპორტი მქონდა; სამოცდაათი მეტრფოდა ქალი ორასი მტერის პატრონს. მაინც არაფერს ვნანობ! რამდენი რა არ ვეცადე, რა არ ვიღონე, ღმერთმანი - გამოხტებოდა ვიღაცა, დავერეოდით ერთმანეთს. თუნდ სასახელო ვიარო გზებზე, ქებით ცად ამიყვანონ - არ დაბეჭდავენ ნეკროლოგს ჩემზე გაზეთის ბოლო გვერდზე. მაინც არაფერს ვნანობ! რამდენი რა არ ვეცადე, რა არ ვიღონე, ღმერთმანი - გამოჩნდებოდა ვიღაცა, შევათვრებოდით ერთმანეთს. თუნდაც მომავლის მქონოდა რწმენა - გნებავთ - საბჭოთა ხალხის, არ დამიდგამენ სკვერში ძეგლს, მჯერა, პეტროვსკის ჭიშკრის ახლოს. მაინც არაფერს ვნანობ! რამდენი რა არ ვეცადე, რა არ ვიღონე, ღმერთმანი - ვლოთობდი ბოლო წვეთამდე და ვეშვებოდი ფსკერამდე. მე ვთხზავ სიმღერებს დრამაზე, თანაც - ჯიბის ქურდების ბედზე. თუმცა ვერ ნახავ ვერსად ჩემს სახელს ესტრადის რეკლამებზე. მაინც არაფერს ვნანობ! რამდენი რა არ ვეცადე, რა არ ვიღონე, ღმერთმანი - ვვარდებოდი და მიჭერდნენ, მელოდა ციხის საკანი. თუ ნაგუბარში წყალი ჩადგება და არასოდეს დავლევ, ჩემი ფორტუნა შეტრიალდება? ან ფულზე დამხატავენ? მაინც არაფერს ვნანობ! აბა, მაშ რისთვის ვეცადო? აბა, მაშ რისთვის ვესწრაფვო? სულ ამერია დავთრები - კვლავ ჩემებურად დავთვრები!
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005