ლევ იაშინს
მე დღეს მშვენიერ ფორმაში ვარ ისევ და ისევ - აღტაცებისგან გაბადრულან მოსკოველები, - როგორც ყოველთვის, მშვიდად ჩავჭრი დარტყმებს და მყისვე მკვდარ ბურთებს მტკიცედ ეხებიან ჩემი ხელები. აი, მეტოქეს კარში პენალტს უნიშნვს მსაჯი - რეპორტიორთა გუნდიც უმალ იქითკენ მიდის; მხოლოდ კი ერთი, რომელსაც დღეს უთუოდ დავსჯი და დავასვენებ, ჩემს ზურგს უკან ჯიუტად იცდის. ბოდიშით, ახლა მირტყამენ თაურს... და მეც ვიცილბ კვლავ აურზაურს - ვეხები ბურთს და კუთხურზე ვგზავნი. ურტყამს მეათე, „ხმელი ფოთოლით“ სურს, რომ აიღოს ჩემი გოდოლი.     ბურთი ხელთა მაქვს და ტაშის ხმა ზეცამდე ადის, - თუმცა, მეათემ ბურთი მოჭრა ჩვეული ეშხით. კარგა ხანია, ასეთები ჩემთან არ გადის!.. ოღონდაც, მესმის, უკანიდან ვიღაცა ხვნეშის. მოვიხედე და - მსაყვედურობს ფოტოკამერა: „- ბოდიში, მაგრამ წამიხდინე სურათი დიდი! რას ეხარბები ყოველ წამში ბურთის დაჭერას, მე კი ლამაზ გოლს გადავიღებდი!“ მინდა, გემოზე შევუკურთხო და ვეღარ ვახერხებ, ბურთებს მისევენ; წამოვდექი და მესმის სისინი: „- ა, კიდევ! შენ რა, ყველა ბურთს იჭერ? არ მაღებინებ არცერთ კადრს, ბიჭო!“     „- მე, ამხანაგო, არ აგყვები ახლა დავაში, მაგრამ აჯობებს, აახვიო აქედან ახლა!. ვიცი, შენ გიჯობს, გადაიღო ბურთი ბადეში, მაგრამ მერწმენე, ამას ვერ ნახავ...“ მეცხრე ნომერი ყუმბარისებრ დარტყმას მიგზავნის, რეპორტიორი კი ბლუქუნებს: „- აცალე ერთი! შეაგდებინე და შენს ოჯახს მუქთა სურათებს არ დავულევო!“ - ლამის ტირის. რაღა ვქნა, ღმერთო?! „- ეს ფეხბერთია, გოლი კი, - ვუხსნი, - მეკარისათვის დანაა გულში“. „- გაუშვი, ძმაო! ეგ სიჩაუქე ამ ერთხელ დათმე! როგორც მეკარეს ყველამე ლამაზ სურათს გაჩუქებ!“     ეს ვინ შემიჩნდა! ლამის თავგზა დამაკარგვინოს, - ვტორტმანებ, როგორც ლერწამი - ქარში. ახი არ არის, ახლა ბიჭებს ჩავუჩურჩულო და ეს კამერა ნამსხვრევებად აქციონ წამში! ის კვლავ წუწუნებს: „- ნუ იქნები დაუნდობელი - შენ, რა თქმა უნდა, შეგიძლია, ყველა აიღო, მაგრამ ეგ შენი გარჯა მხოლოდ წამიერია, ფოტოგრაფია კი მუდმივი - უნდა გაიგო!“ ხუთი ნომერი, ოცდაორს შორის სახელგანთქმული თავის ცუნცულით, ვხედავ, მარჯვენა მხარეს ყუნცულობს; დააცხრა ბურთსა და როგორც ტყვია, მყისვე ბადეში გამომიხვია.     ამ ტაიმს ყველა ვთამაშობდით მხოლოდ პირქარში, მეც ვერაფერი ვერ ვიღონე ... როგორ მაცთუნა!.. მაგრამ ვეება სურათი კი დამრჩა ბინაში - ჩემი ყოყმანის და სირცხვილის უხმო დასტურად. და ვწყევლი იმ წამს, ფოტოგრაფს რომ ვასიამოვნე, ბურთებს ვიღებ და სულ ერთთავად ვფიქრობ იმაზე: რამდენ მშვენიერ ფოტოსურათს ჩავუხშე სული! - სირცხვილით ვკვდები, მაგრამ, თუნდაც დადექ ყირაზე... გველთა მჩხიბავო, ჯალათო, რა ვქნა?! ვერ დავეღწიე ცთუნებას, ვერა, - ბურთის გაშვება ისევ მწადია, ასეთი არის, ჩანს, ბედისწერა... ახლა კი მშვიდად - კუთხურს აწვდიან...    
© თინა შიოშვილმა. თარგმანი, 2005