ეს დაბლობს არ ჰგავს, აქ სხვაა ჰავა, ელავს ყინული, გადმოსჩქეფს ლავა, ისმის ზვავების ზარი და ზათქი. თუ რამეს უფრთხი, დროზე გაბრუნდი, ჩვენ კი გზა გვხიბლავს ყველაზე მრუდი, ბრძოლის ველივით სავსე ხიფათით. თუ აქ არ ახველ, საფრთხე არ ნახე, მაშ, ნუ დაირქვამ მამაცის სახელს, გინდ ბარში ვარსკვლავს სწვდებოდე ცაზე. გინდ თავი დადე, რაც გინდა სცადე, ბარში ვერ ნახავ სასწაულს ამდენს, ამდენ სინათლეს და სილამაზეს. არ ჩანს ვარდები, არც შავი ძაძა და არც უსულო მონუმენტს ბაძავს ეს ქვა, ასეთი სანდო და მყარი. უქრობი ალით მომჭრელი თვალის, ალმასის მსგავსად ელავს მწვერვალი, რომელიც ჯერაც ვერ დაიპყარი. ის თქვან, რაც უნდათ, ჰო, თქვან რაც უნდათ, არ იღუპება აქ არვინ ცუდად, ასე სჯობს სიკვდილს არყით ან გრიპით. ამოვლენ სხვებიც, უცნობი ძმები, რომ ღონიერი და გამძლე ძვლებით დასძლიონ შენი დამძლევი სიპი. სალი კლდეები... ჩუ, იყავ უხმოდ! აქ გადამრჩენელს ნურავის უხმობ, ხელს ვერ წაავლებ ქვას და ყინულს, წარაფსა და თოვლს. თუ მიენდობი, მხოლოდ ძალას შენი მარჯვენის, ან ხელს მეგობრის, ანდა წრიაპს, თოვლში ჩაბჯენილს და ლოცულობ, რომ უცებ მუხლმა არ გიღალატოს. უკან არ ვიხევთ, საბჯენებს ვითხრით, მღელვარებისგან მუხლები გვითრთის, გული მკერდიდან ამოვარდა და ზემოთ იწევს. შენს ფეხრთითაა ეს სამყარო და მხოლოდ მათი სვე გენატრება და მათი გშურს მხოლოდ ცოტათი, ვინც მწვერვალებზე ამაღლებას ახლაღა იწყებს.
© ანი კოპალიანი. თარგმანი, ?
© აკაკი გაჩეჩილაძე. სიმღერა, 2013