მწუხრის ლოცვებში ანთებენ სანთლებს, როცა მშვიდობას მოსდევს ომები, ბრძოლა უხდებათ წიგნიერ ბავშვებს - აწუხებთ მცირე კატასტროფები... ჩვენც ხომ ვჩხუბობდით ბავშვურ ასაკში, იარებს, წყენებს, ცრემლებში ვრევდით. მერე კემსავდა დედა ტანსაცმელს და მერე წიგნით განსაცდელს ვძლევდით. გაოფლილ შუბლზე გვეკროდა თმები, თითქოს კოვზიდან ტკბილ ფრაზებს ვხვრეპდით, დაგვტრიალებდა თავს ბრძოლის ხმები, ყვითელ ფურცლებში სამყაროს ვჭვრეტდით. ვცდილობდით ბრძოლის არსში ჩაწვდომას, ყიჟინას ვცდიდით მომდევნო მტერზე, ვსწავლობდით საზღვრებს, ბრძანების ფორმას, აზრს და შეტევას საბრძოლო ეტლზე. ქვაბში ძველი დუღს - ქიშპი და ომი, აღარ დაღვინდა ტვინში მაჭარი... ბავშვურ თამაშში ბევრია როლი: ვინ - იუდაა და ვინ - ლაჩარი... და ბოროტებას ვუდექით კვალში, ჩვენ სიყვარულსაც გავცემდით ხშირად. სიყვარულს ვტევდით მოყვასის თვალში და შემოგვყავდა ჩვენი ”მე” - გმირად. ვერ შეაფარებ შენს თავს ტალახებს, გართობის წამს გვერდით ტკივილი მოსდევს. მკვდარს თუ გაუხსნი მტევნის არტახებს, დაკოჟრილ ხელით იარაღს მოგცემს. და გამოსცადე მახვილი მწველი, გონსაც მოეგე აბჯრის მორგებით, ლაჩარი ხარ თუ რჩეული ბედის, ეგებ გაერკვე შენც - გაბრძოლებით. და მეგობარი რომ დაეცემა, რომ დაიტირებ შენი ღრიალით, და ტყავი როცა ხორცს გაეცლება, რომ ის - მკვდარია, შენ კი - ცოცხალი... მიხვდები სხვაობას, შეიცნობ, ნახავ, უფსკრულსაც დასძლევ - სიკვდილის სურვილს. შურის და მტრობის ბჭეს გადალახავ უკან დაგრჩება კუბო - სიცრუის მამის ხანჯალით გზა თუ გაკაფე, ცრემლიც თუ სწორად არის ნარითმი, ცხარე ბრძოლაში თუ გაიწაფე, მაშინ ყოფილხარ სწორად ნაკითხი. ხელით თუ არ გაქვს ნაჭამი ლუკმა, უმზერ ზევიდან, კლავ - ხელდაკრეფით, თუ გაერიდე ბრძოლას ვით ძუკნა, სიცოცხლის წიგნი წაგშლის, გაქრები.
© ბექა ხერგიანი. თარგმანი, 2011